გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 36 ბალისტიკური რაკეტით შეუტია - უკრაინული მხარე
„7 ნოემბრის ღამეს ერთობლივი შეტევის დროს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 36 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ძირითადად რაკეტები გამოიყენეს კიევისა და მიმდებარე რეგიონზე იერიშების მისატანად“,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, დარტყმის მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკის სექტორია.
დედაქალაქში ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის კუთხით რთული მდგომარეობაა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ჩრდილოეთის ხიდი, ნაწილობრივ კი საბავშვო ბაღი განადგურდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, კიევის ოლქში დაარტყეს ქვესადგურებს, რომლებიც როვნესა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებს კიევთან და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებენ.
„ქვესადგურები ასევე დაზიანდა ვინიცის, ჟიტომირის, როვნოს, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. კიევის გარდა, კიდევ თორმეტი რეგიონი დაზარალდა. ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი“, - აცხადებს ზელენსკი.