გარი კასპაროვი: თუ პუტინი ლატვიაში, ან ლიეტუვაში შეიჭრება, ნატო არ იბრძოლებს
ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ გაბედავს სრულმასშტაბიან რეაგირებას. ამის შესახებ რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გარი კასპაროვმა RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
კასპაროვის თქმით, ნატოს ფორმალური წევრობა რეალურ დაცვას არ იძლევა. მან წარმოადგინა სცენარი, რომლის დროსაც 200 000-კაციანი რუსული ჯარი ლატვიის საზღვარს უახლოვდება.
„ისინი ამბობენ: ლატვია ნატოს წევრია. ეს მხოლოდ ფურცელია, მთლიანად ფურცელი“, - ხაზგასმით აღნიშნა ოპოზიციონერმა.
კასპაროვმა გაიხსენა ჰალიფაქსში საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლა, სადაც, მისი თქმით, ევროპელებს პირდაპირი კითხვა დაუსვა: აქვთ თუ არა ბრძანება ცეცხლის გახსნის შესახებ, თუ რუსული ჯარები საზღვარს გადაკვეთენ?
„პასუხი არ არსებობს. რადგან ყველამ იცის პასუხი. არავინ ისვრის“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ნატოში გაწევრიანება ფიქცია აღმოჩნდა.
„იმიტომ, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ დოკუმენტზე მოაწეროთ ხელი. ლამაზ, მბზინავ დოკუმენტებზე. თუმცა უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ამ დოკუმენტების ინსტრუქციები“, - დასძინა ოპოზიციის ლიდერმა.
მისი აზრით, ნატოს მე-5 მუხლის ეფექტურობა დამოკიდებულია აშშ-ის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზე.
კასპაროვი მიიჩნევს, რომ ნატოს მე-5 მუხლი მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც თეთრ სახლში ძლიერი პოლიტიკური ლიდერები არიან, როგორებიც იყვნენ აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, ან 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი.
„მაგრამ ეს არ მუშაობს, როდესაც იქ [აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ] ტრამპი, ან [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო] ბაიდენი არიან. სულ ეს არის“, - აღნიშნა მან.
კასპაროვმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ფინეთი ნაკლებად დაუცველია კარგად გაწვრთნილი არმიის გამო. თუმცა, მისი აზრით, ბალტიისპირეთის ქვეყნები „რეალურად დაუცველები“ რჩებიან.