გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი ჩაკ ნორისი
86 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი კინომსახიობი და საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი ჩაკ ნორისი.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მსახიობის ოჯახმა გაავრცელა. ამის თაობაზე BBC იუწყება.
„მსოფლიოსთვის ის იყო საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი, მსახიობი და ძალის სიმბოლო. ჩვენთვის კი — მოსიყვარულე მამა, ერთგული მეუღლე და ბაბუა, საოცარი ძმა და ჩვენი ოჯახის ნამდვილი გული“, — ნათქვამია ნორისის ახლობლების განცხადებაში, რომელიც ინსტაგრამზე გამოქვეყნდა.
ჩაკ ნორისმა ითამაშა საკმაოდ ბევრ ფილმში, მათ შორის „დრაკონის გზაში“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ბრიუს ლი, ხოლო 1980-იან წლებში იგი Cannon Group-ის წამყვანი მსახიობი იყო. კინოში პოპულარობა, ძირითადად, მისი ძმის, აარონ ნორისის ფილმებში თამაშმა მოუტანა, ასევე უოკერის როლმა ტელესერიალში „უოკერი, ტეხასელი რეინჯერი“ (1993—2001).
ნორისმა საბრძოლო ხელოვნების საკუთარი სტილი, ჩუნ კუკ დო ჩამოაყალიბა, რაც ითარგმნება, როგორც „უნივერსალური გზა.“ ის ძირითადად, ეფუძნება ტანსუდოს და მასში თავმოყრილია ელემენტები ყველა იმ საბრძოლო სტილიდან, რომელსაც ჩაკი ფლობს. ბევრი სხვა საბრძოლო ხელოვნების მსგავსად, ჩუნ კუკ დოსაც გააჩნია საკუთარი ღირსების კოდი და წესები. ეს წესები ჩაკ ნორისის პირადი ღირსების კოდიდან არის აღებული.