„გაოგნებული ვარ უნგრეთის პოზიციით“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვაზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ გაოცებულია უნგრეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვით.
„გაოგნებული ვარ უნგრეთის პოზიციით“, - განაცხადა ვადეფულმა ბრიუსელში ევროკავშირელ კოლეგებთან შეხვედრის წინ და დასძინა, რომ ბერლინი „კვლავ მიმართავს“ უნგრეთის მთავრობას „თავისი არგუმენტებით“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრეთი ამ საქციელით „თავისუფლებისთვის საკუთარ ბრძოლას“ ღალატობს. თუმცა მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ საბოლოოდ ევროკავშირის პოზიცია გაიმარჯვებს.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი თებერვლის დასაწყისში წარადგინა. ის სხვა საკითხებთან ერთად რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერებისთვის საზღვაო მომსახურების ყოვლისმომცველ აკრძალვას მოიცავს. ევროკავშირის მიზანი იყო ახალი შემზღუდავი ზომების მიღება 24 თებერვალს - უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების მეოთხე წლისთავზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ ის დაბლოკავს სანქციების პაკეტს, თუ უკრაინა არ განაახლებს რუსული ნავთობის ტრანზიტს მის ტერიტორიაზე გამავალი „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით.
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა ბრიუსელში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ 24 თებერვლამდე ამ საკითხთან დაკავშირებით წინსვლას არ ელოდება.
„არა მგონია, რომ დღეს ამ მხრივ პროგრესი იყოს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ძალისხმევის მიუხედავად, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ უნგრეთი 23 თებერვალს თავის პოზიციას შეცვლის.