„განვიხილეთ რუსებზე ზეწოლა, რათა რაც შეიძლება მალე შევხვდეთ ლიდერების დონეზე და დავასრულოთ ეს ომი“ - ზელენსკი ტრამპის სპეცწარმომადგენელ კიტ კელოგს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი 11 სექტემბერს უკრაინაში ჩავიდა. კიევში ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც უკრაინის ლიდერმა Telegram-ის არხზე განაცხადა, მათ თანამშრომლობის სხვადასხვა ვექტორი განიხილეს - როგორ მიაღწიონ რეალურ მშვიდობას და უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება. მისი თქმით, საუბარია PURL-ის ინიციატივის ფარგლებში ცალკეულ პროექტებზე, რომლებიც Patriot-ის სისტემების წარმოებასა და შეძენას დააფინანსებს.
გარდა ამისა, უკრაინამ აშშ-ს შესთავაზა „მტკიცე ორმხრივი შეთანხმებები დრონებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ“.
„ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დადებით რეაქციას ველით. დეტალურად განვიხილეთ რუსებზე ზეწოლა და ის, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ტარიფებისა და სანქციების პოლიტიკაში, რათა რაც შეიძლება მალე შევხვდეთ ლიდერების დონეზე და დავასრულოთ ეს ომი. ლიდერების სამმხრივი ფორმატი უდავოდ ყველაზე ეფექტურია“, - დასძინა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, კელოგთან განიხილა რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი, ასევე ის პირობები, რომლებშიც ისინი იმყოფებიან.
„ასევე ვემზადებით ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიისთვის. განვიხილეთ დაგეგმილი ღონისძიებები, უკრაინასა და ამერიკას შორის კოორდინაცია და „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მუშაობა. ვმუშაობთ პოტენციურ შეხვედრებსა და სხვადასხვა ფორმატზე“, - შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა.