Loading data...
„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა.

ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს.

„გაეროს გენერალური მდივანი სოლიდარობას უცხადებს ქუვეითს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს“, - აცხადებს მისი პრესსპიკერი სტეფან დიუჟარიკი.

თავდასხმის შედეგად, ორი იტალიელი ტექნიკოსი დაიღუპა, ერთი პაკისტანის მოქალაქე და ერთი ქუვეითელი კი დაშავდა.

დიუჟარიკის განცხადებით, გუტერეში „რეგიონში ესკალაციის გაგრძელებით ღრმად შეშფოთებულია“ და ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, რეგიონული მშვიდობა და უსაფრთხოება კიდევ უფრო შეარყიოს.

„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთ“, - დასძინა პრესსპიკერმა.

ირანის სამხედრო უწყებამ უარყო, რომ ქუვეითში მომხდარ სასიკვდილო თავდასხმასთან რაიმე კავშირი ჰქონდა.