გამბიიდან კანარის კუნძულებისკენ მიმავალი ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულ მიგრანტთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა
„გამბიიდან კანარის კუნძულებისკენ მიმავალი ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულ მიგრანტთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ Sky news-ი იუწყება.
ინციდენტი კუნძულ გრან-კანარიასთან მოხდა. ნავზე სულ 128 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.
მაშველების ცნობით, ნავმა გამბია 7 აგვისტოს დატოვა და ატლანტის ოკეანეში 27-დღიანი ცურვის შემდეგ, გრან-კანარიის სამხრეთით აღმოაჩინეს. სამაშველო ჯგუფები ადგილზე შუაღამისას მივიდნენ, გადარჩენილები არგინეგინის პორტში გადაიყვანეს, თუმცა ბორტზე ხუთი გარდაცვლილის ცხედარი დახვდათ. უამინდობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დანარჩენი დაღუპულების ამოყვანა ვერ მოხერხდა.
მომხდარს გამოეხმაურა კანარის კუნძულების მთავრობის მეთაური, ფერნანდო კლავიხო. მისი თქმით, ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამხელა საფრთხეს შეიცავს ატლანტიკის მიგრაციული მარშრუტი.
ცნობისთვის, დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიმავალი საზღვაო მონაკვეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და სასიკვდილო გზად ითვლება.