Loading data...
გალანტი „ჰამასის“ მებრძოლებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ მძევლები და ჩაჰბარდნენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი მოუწოდებს „ჰამასის“ მებრძოლებს, გაათავისუფლონ მძევლები და ჩაჰბარდნენ, „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ.

„ისრაელის სახელმწიფომ სამართლიანობა აღასრულა იაჰია სინვარის, საზიზღარი მკვლელისა და ტერორისტის ლიკვიდაციით. იაჰია სინვარი იყო მთავარი ტერორისტი, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა.

სინვარი მოკვდა გაქცევისას. ის არ მომკვდარა როგორც მეთაური, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა.

ეს არის ნათელი გზავნილი ჩვენი მტრებისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალები მისწვდება ნებისმიერს, ვინც შეეცდება, ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს ან ჩვენს უსაფრთხოების ძალებს. ჩვენ გადაგიხდით სამაგიეროს“, - ნათქვამია გალანტის განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა არის მკაფიო გზავნილი დაღუპულებისა და მძევლების ოჯახებისთვის, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მძევლების სახლში დასაბრუნებლად.

„ეს, ასევე, მკაფიო გზავნილია ღაზას მცხოვრებლებისთვის. ადამიანი, რომელმაც კატასტროფა და სიკვდილი მოუტანა ღაზას სექტორს, ამ კაცის დასასრული დადგა. დროა გაათავისუფლოთ მძევლები [ბრძოლაში ჩართულებს] ასწიოთ ხელები, დანებდეთ“, - დასძენს გალანტი.