Loading data...
„გახსენით „დრუჟბას“ ნავთობსადენი“ - ორბანმა ზელენსკის ღია წერილი მისწერა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ღია წერილი“ გაუგზავნა.

ორბანმა მოუწოდა უკრაინას, „დრუჟბას ნავთობსადენის გახსნისკენ“ და „უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შემდგომი თავდასხმებისგან“ თავის შეკავებისკენ.

„ბატონო პრეზიდენტო, ოთხი წელია, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის სუვერენული მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიციის მიღებას ვერ ახერხებთ. ოთხი წელია, ცდილობთ უნგრეთი თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის ომში ჩაითრიოთ. ამ დროის განმავლობაში, თქვენ ბრიუსელიდან და უნგრეთის ოპოზიციიდან მხარდაჭერა მიიღეთ. ასევე, ჩვენ ვხედავთ, თქვენი, ბრიუსელისა და უნგრეთის ოპოზიციის კოორდინირებულ ძალისხმევას, რათა უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს.

თქვენი ქმედებები უნგრეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და უნგრელი ოჯახების უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ენერგომომარაგებას საფრთხეს უქმნის. ასე რომ, ანტიუნგრული პოლიტიკის შეცვლისკენ მოგიწოდებთ. ჩვენ, უნგრელი ხალხი, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი არ ვართ.

ჩვენ ომში მონაწილეობა არ გვსურს. ჩვენ მისი დაფინანსება და ენერგომომარაგებისთვის მეტის გადახდა არ გვსურს. მოგიწოდებთ, „დრუჟბას“ ნავთობსადენი ახლავე გახსნათ და უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ თავდასხმებისგან თავი შეიკავოთ. მეტი პატივისცემა უნგრეთის მიმართ!“ - წერს ორბანი.