გაერთიანებულ სამეფოში 1-ელი ოქტომბრიდან „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ ამოქმედდა - ქვეყნის მთავრობა დოკუმენტის მთავარ საფუძვლად გამჭვირვალობას ასახელებს

გაერთიანებულ სამეფოში პირველი ოქტომბრიდან „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ ამოქმედდა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. როგორც მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის, განსაკუთრებით კი ირანისა და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ არის მიმართული.
ახალი რეგულაციით, დიდ ბრიტანეთში უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არ იქნებიან, სისხლის სამართლებრივი სანქციები დაეკისრებათ. ირანისა და რუსეთისთვის არადეკლარირებულად მომუშავე პირებს კი, შესაძლოა, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმის უზრუნველსაყოფად მიიღო, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ იმუშაოს არა მტრულად განწყობილი პირების, არამედ მშრომელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის“ მთავარ საფუძვლად გამჭვირვალობას ასახელებენ.