გაეროში რუსეთის ელჩი: ტრამპის არჩევა რუსეთსა და აშშ-ს შორის ახალი დიალოგის შესაძლებლობას ხსნის
რუსეთი ღიაა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუკი ტრამპი ამ პროცესს დაიწყებს, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა გენადი გატილოვმა ჟენევაში მედიას განუცხადა.
„ტრამპმა განაცხადა ომის ერთ ღამეში დასრულების შესახებ. კარგი, მოდი ვიყოთ რეალისტები - რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არასდროს მოხდება“, - აღნიშნა გენადი გატილოვმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის არჩევა რუსეთსა და აშშ-ს შორის ახალი დიალოგის შესაძლებლობას ხსნის, მაგრამ ურთიერთობების უფრო ფართო გადატვირთვა ნაკლებად სავარაუდოა.
„მიუხედავად შიდა პოლიტიკური ცვლილებებისა, ვაშინგტონი მუდმივად აგრძელებს მოსკოვის შეკავების მიზანს. ადმინისტრაციის შეცვლა ამას ნაკლებად ცვლის. ერთადერთი ცვლილება, რომელიც შესაძლებელია, არის ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგი, რომელიც არ იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - დასძინა გატილოვმა.