Loading data...
გაეროს მხარდაჭერით გამართულ მსოფლიო ურბანულ ფორუმზე ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუშვეს - უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინული მხარის ცნობით, ეგვიპტეში გაეროს მხარდაჭერით გამართულ, მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-12 სესიაზე ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუშვეს.

აღნიშნული გააპროტესტა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის განცხადებითაც, ეს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს გენერალური ასამბლეის რიგი რეზოლუციების, მათ შორის, „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის“ შესახებ რეზოლუციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

„რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს როგორც საერთაშორისო პლატფორმები, ასევე სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორია, ამ შემთხვევაში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა, რათა მოახდინოს უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია და მიზანმიმართულად გამოიწვიოს დაძაბულობა, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების დონეზე“, - ნათქვამია უკრაინული მხარის განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, უკრაინა დაჟინებით მოითხოვდა WUF12 მონაწილეთა რეგისტრაციის მკაფიო მექანიზმის განსაზღვრას, თუმცა მათ „კრიმინალების მონაწილეობა“ დაუშვეს.