გაეროს გენმდივანი აცხადებს, რომ „შოკირებულია“ ირანში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ცნობებით და მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ „შოკირებულია“ ირანში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ცნობებით და მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდა.
გუტერეში „შოკირებულია ირანის ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობებით“, - განაცხადა მისმა პრესმდივანმა სტეფან დიუჟარიკმა და დასძინა, რომ გუტერეში მოუწოდებს ირანის მთავრობას, „გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო, ან არაპროპორციული გამოყენებისგან“.
ცნობისთვის, ირანის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 420 მომიტინგე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ირანელ ხალხს თავისუფლების მიღწევაში დაეხმაროს. ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები და ისრაელი „ლეგიტიმური სამიზნეები“ იქნებიან, თუ აშშ ისლამურ რესპუბლიკას დაარტყამს.