გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოქმედებებით
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოქმედებებით.
მას მიაჩნია, რომ ამას შესაძლოა „რეგიონისთვის საგანგაშო შედეგები“ ჰქონდეს.
„ვენესუელაში არსებული სიტუაციისგან დამოუკიდებლად, ეს მოვლენები სახიფათო პრეცედენტს ქმნის. გენერალური მდივანი კვლავ უსვამს ხაზს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების, ყველას მიერ სრულად პატივისცემის მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს ხელმძღვანელი „ღრმად არის შეშფოთებული“ იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები არ იყო დაცული.
ცნობისთვის, დღეს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.