FT: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან ტრამპმა ყურადღება ირანზე გადაიტანა
აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩაიშალა, რადგან დონალდ ტრამპი ინტერესს კარგავს და ირანის წინააღმდეგ მისი ომი რუსეთზე ზეწოლას ამცირებს - წერს Financial Times.
ოთხმა ევროკავშირის დიპლომატმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა ვაშინგტონის ყურადღება სამშვიდობო შეთანხმებიდან გადაიტანა.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, აშშ-ის შუამავლობით უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები „ნამდვილად საშიშ ზონაშია.
„ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა ყურადღება უკრაინისგან სერიოზულად გადაიტანა. ჩვენთვის და უკრაინისთვის ეს კატასტროფაა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროკავშირის დიპლომატმა.
დიპლომატების თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს ეცნობათ, რომ ამერიკული იარაღის, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის სისტემების, მიწოდების შეფერხების შესახებ, რადგან ვაშინგტონი პრიორიტეტს ახლო აღმოსავლეთს ანიჭებს და ამას კიევისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.
„ეს ნამდვილად პრობლემაა, რადგან ერთი და იგივე აქტივებისთვის კონკურენციაა როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე, უკრაინაში. ნათელია, რომ ამერიკის ყურადღება ახლა ახლო აღმოსავლეთზეა კონცენტრირებული“ - განუცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა Financial Times-ს.
წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აქამდე ძირითადად თავს იკავებდა ტრამპის კრიტიკისგან ომის გამო, სავარაუდოდ, ცდილობდა ხელი შეეშალა შეერთებული შტატებისთვის უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. თუმცა, კრემლმა არ გამოავლინა მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებებში კომპრომისზე წასასვლელად.
თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ტრამპი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ომის დასრულებამდე მიგვიყვანს და რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ბოლო თვეების განმავლობაში „უზარმაზარ პროგრესს“ მიაღწიეს.
„არა მგონია, რუსებს უახლოეს მომავალში ხელახლა მოლაპარაკება სურდეთ, რადგან სალაპარაკო არაფერია“ - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.
როგორც მედია წერს, ევროკავშირის ლიდერები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება მოსკოვზე შემდგომი ზეწოლის გარეშე.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი თეთრ სახლს ეწვია აშშ-სა და ისრაელის ირანზე თავდასხმიდან სამი დღის შემდეგ. მერცი რუკებითა და დიაგრამებით ჩავიდა, რათა მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის არგუმენტები დაემტკიცებინა.
„თუმცა, ტრამპი ერიდება ამ საკითხის დეტალურად განხილვას და კვლავ დარწმუნებულია, რომ რუსეთი ძლიერია, ხოლო უკრაინა სუსტი“, - განაცხადეს დისკუსიებთან დაკავშირებულმა პირებმა. ასევე, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ შეერთებული შტატები მზად არის პუტინზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
ორი ევროკავშირის დიპლომატის თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს განუცხადეს, რომ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები აღარ იქნება.
„უკრაინის პერსპექტივიდან გამომდინარე, რუსეთი „სერიოზულად არ არის განწყობილი“ ომის დასრულების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ის დაჟინებით აყენებს მოთხოვნებს, რომელთა მიღებაც კიევს არ შეუძლია“ - განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა
მან უარყო შეშფოთება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონის ირანზე ფოკუსირება რუსეთთან მოლაპარაკებებს ჩაშლის და დასძინა, რომ კიევი „ნახავს, როგორ განვითარდება სიტუაცია“.