Loading data...
FT: უკრაინამ ტრამპს საკვანძო რესურსებზე თანამშრომლობისთვის „განსაკუთრებული პირობები“ შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ, სურს შეთანხმება, რომელიც აშშ-ს უკრაინის იშვიათ რესურსებზე წვდომის საშუალებას მისცემს.

Financial Times-ის ცნობით, შეთავაზება შეესაბამება სტრატეგიას, რომელსაც უკრაინა ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირების გასაღრმავებლად ავითარებს, შეერთებული შტატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომის უზრუნველყოფით, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში გამოიყენება.

თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა კვლავ აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადა, ვიდრე ევროპელმა მოკავშირეებმა.

„ჩვენ გვსურს შეთანხმების დადება, სადაც ისინი დაიცავენ იმას, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ, თავიანთი იშვიათი მიწის ლითონებისა და სხვა საშუალებების მეშვეობით“, - განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა ამისთვის ღია იქნება. 

„ჩვენ ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციას ვაკეთებთ. მათ აქვთ შესანიშნავი იშვიათი ლითონები. მინდა, უზრუნველვყო იშვიათი ლითონების უსაფრთხოება და ისინი მზად არიან ამის გასაკეთებლად“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა Financial Times-ს უთხრა, რომ ტრამპის განცხადებები ზელენსკის  „გამარჯვების გეგმას“ შეესაბამება, რომელიც მას გასული წლის შემოდგომაზე წარუდგინეს. მისივე თქმით, უკრაინამ ტრამპს საკვანძო რესურსებზე თანამშრომლობისთვის „განსაკუთრებული პირობები“ შესთავაზა და ხაზი გაუსვა რუსეთისა და ირანისგან მათი დაცვის აუცილებლობას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამერიკასთან“, - დასძინა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინას აქვს ტიტანის, რკინის მადნისა და ქვანახშირის უზარმაზარი მარაგი, ასევე, დაახლოებით 500 000 ტონა გამოუყენებელი ლითიუმი, რომლის საერთო ღირებულება ათობით ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.

„მინერალური რესურსების კონტროლი ომის ნაწილი გახდა. ქვეყანა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიისთვის, არამედ საკუთარი სტრატეგიული სიმდიდრის მართვის უფლებისთვისაც, რაც შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს მისი აღდგენისთვის“, - განაცხადა მუსტაფა ნაიემმა, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა.

The New York Times-ის ცნობით, ტრამპის განცხადების საპასუხოდ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, იმუშაოს შეერთებულ შტატებთან იშვიათი მიწიერი წიაღისეულის გარიგებებზე, თუ შეერთებული შტატები უზრუნველყოფს უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს, რათა ეს რესურსები რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს.