FT: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას შესთავაზა, აშშ-ს მინერალურ რესურსებზე 50%-იანი საკუთრება მიეცეს, რაზეც ზელენსკიმ უარი თქვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას შესთავაზა, შეერთებულ შტატებს ქვეყნის იშვიათ მიწის წიაღისეულზე დაახლოებით 50%-იანი საკუთრება მიეცეს, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვა. კიევი უკეთეს შეთანხმებაზე მოლაპარაკებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით The Financial Times-ი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ზელენსკის სურს, ამერიკული და ევროპული უსაფრთხოების გარანტიები პირდაპირ იყოს დაკავშირებული უკრაინის რეზერვების თაობაზე ნებისმიერ შეთანხმებასთან. მას ასევე სურს, რომ სხვა ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, ჩაერთონ ბუნებრივი რესურსების სამომავლო ექსპლუატაციაში.
უკრაინის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ კიევი „უკეთეს გარიგებაზე მოლაპარაკებას ცდილობს“.
წყაროების თქმით, ახლახან კიევში ვიზიტის დროს აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა უკრაინის პრეზიდენტს გადასცა დოკუმენტი, რომელზეც ტრამპს სურდა, ზელენსკის ხელი მოეწერა.
თავად ბესენტმა გარიგება აღწერა, როგორც „ეკონომიკური შეთანხმება“ კიევთან, ორივე ქვეყნის „ეკონომიკის შემდგომი გადაჯაჭვის მიზნით“. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია „[კიევის გვერდით] ბოლომდე დადგება, გაზრდის ეკონომიკურ ვალდებულებებს“, რაც „უსაფრთხოების გრძელვადიანი ფარი იქნება ყველა უკრაინელისთვის“ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.
„როდესაც დეტალებს განვიხილავდით, იქ არაფერი იყო [აშშ-ის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების შესახებ]“, - განაცხადა კიდევ ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.
კითხვაზე, იყო თუ არა ეს შეთანხმება ცუდი უკრაინისთვის, მესამე უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც იცნობდა წინადადებას, თქვა, რომ ეს იყო „ტრამპის გარიგება“: „ეს რთულია“.
როგორც შეხვედრის შესახებ ინფორმირებულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა დასძინა, ზელენსკიმ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რადგან მას სურს, რომ უკრაინის სხვა პარტნიორებმა, მათ შორის ევროპის ქვეყნებმაც, მიიღონ მონაწილეობა წიაღისეულის მოპოვებაში: „ისინი ამერიკელების მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან ამ საკითხთან დაკავშირებით“.
აღნიშნულია, რომ აშშ-ის წინადადება შეესაბამება „გამარჯვების გეგმას“, რომელსაც ზელენსკის გუნდი გასული წლის ზაფხულიდან ამუშავებს.