Loading data...
FT: ნეთანიაჰუ ირანზე დარტყმების განახლებას ამ თვის დასაწყისში გეგმავდა, თუმცა ტრამპი წინააღმდეგი იყო

გამოცემა „ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიმდინარე თვის დასაწყისში ირანზე დარტყმების განხორციელებას გეგმავდა, თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ საბრძოლო მოქმედებების განახლებას ეწინააღმდეგებოდა.

გამოცემას ამ საკითხთან დაახლოებულმა სამმა წყარომ განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები  მზად იყვნენ, 10 ოქტომბრის შაბათ-კვირას ირანის ბირთვულ ობიექტებსა და რეჟიმთან დაკავშირებულ სამიზნეებზე, ასევე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე, დარტყმები განეხორციელებინათ.

თუმცა, ანონიმური წყაროების ცნობით, ტრამპმა გადაწყვიტა, 3 ნოემბერს დაგეგმილ აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე კონფლიქტი აღარ განეახლებინა.

წყაროების განცხადებით, დაგეგმილი დარტყმები უფრო ინტენსიური იქნებოდა, ვიდრე ის ოპერაციები, რომლებიც აშშ-მა და ისრაელმა თებერვალში განახორციელეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გაურკვეველია, შეუერთდებოდა თუ არა შეერთებული შტატები ამ დარტყმებს. თუმცა, ერთ-ერთი წყარო Financial Times-ს ეუბნება, რომ უახლოეს კვირებში საბრძოლო მოქმედებების განახლება „სავსებით რეალისტური სცენარი“ იყო.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ისრაელმა სამიზნეების ახალი სია მოამზადა, რომელშიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შედის, რომლებზეც მანამდე დარტყმები არ განხორციელებულა. 

კიდევ ერთი წყარო აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში დაგეგმილი დარტყმები, შესაძლოა, მოლაპარაკებების ტაქტიკის ნაწილი ყოფილიყო. ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზე იყო დამოკიდებული.

გამოცემის ცნობით, პენტაგონს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც მედია წერს, ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ისრაელში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და ნეთანიაჰუს შეხვდა. მხარეებმა, გავრცელებული ცნობით, „რეგიონში არსებული საფრთხეები“ განიხილეს. ბოლო კვირების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუ დარტყმებს გეგმავს.

9 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ირანს არ შეუტევდა. ეს განცხადება რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა, ამერიკელ კოლეგებს განუცხადა, რომ მსგავსი თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, ისრაელში მომდევნო კვირისთვის დაგეგმილი არჩევნები გადადებულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, იერუსალიმში მიიჩნევენ, რომ ირანი აშშ-ის მხრიდან თავდასხმას ისრაელის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო იერიშებით უპასუხებდა.

გასულ კვირას მე-12 არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუმ ტრამპს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განეახლებინა როგორც ისრაელში 27 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე, ისე აშშ-ში 3 ნოემბერს გასამართ შუალედურ არჩევნებამდე.