FT: ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ უკრაინამ შავ ზღვაში ტანკერებზე დარტყმები შეწყვიტა
უკრაინამ შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს ნავთობტანკერებზე დრონებით იერიში შეწყვიტა გასული თვის ბოლოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ, იტყობინება Financial Times-ი უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროების ცნობით, 31 ივლისს, სატელეფონო საუბრის დროს, ვენსმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დარტყმების შეწყვეტა სთხოვა. მას შემდეგ უკრაინას კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალის მახლობლად ტანკერებისთვის არ დაურტყამს.
„ვაშინგტონი შეშფოთებული იყო იმით, რომ უკრაინა აგრძელებდა ნავთობის ბაზრების დესტაბილიზაციას და ამერიკული კომპანიებისთვის ზიანის მიყენებას ყაზახეთიდან რუსეთის პორტ ნოვოროსიისკში კასპიის მილსადენების კონსორციუმის ტერმინალში ნავთობის გადამტან ტანკერებზე თავდასხმებით“, - აღნიშნულია სტატიაში.
უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს კასპიის მილსადენების კონსორციუმის ინფრასტრუქტურას, ან არარუსულ გემებს, სანამ ეს გემები არ ექვემდებარებიან უკრაინის სანქციებს და არ გადაიტანენ რუსულ ნავთობს, ან სხვა რუსულ ტვირთს, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“, - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ კიევმა აშშ-ის მოთხოვნის საპასუხოდ შესაბამისი „მექანიზმები“ შექმნა.
უკრაინის პოზიციის შესახებ ინფორმირებული წყაროს თქმით, კიევი დათანხმდა ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნას, რადგან სურს, აშშ-ისგან Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზია მიიღოს და შეიძინოს რამდენიმე ასეული ასეთი რაკეტა ზამთრამდე, სანამ რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმებს გააძლიერებს.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, შეეწყვიტა შავ ზღვაში არარუსული გემების, ასევე, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურის დაბომბვა.
„ადმინისტრაცია კასპიის მილსადენის კონსორციუმს განიხილავს, როგორც სასიცოცხლო არხს ყაზახური წარმოშობის ენერგორესურსების ევროპულ ბაზრებზე მიწოდებისთვის, რაც რუსული ენერგოწყაროების ალტერნატივას წარმოადგენს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ამერიკული ენერგეტიკული გიგანტები - Chevron-ი და ExxonMobil-ი ფლობენ წილებს კონსორციუმსა და დასავლეთ ყაზახეთის ნავთობის საბადოებში. Chevron-ი ქვეყნის უდიდესი საბადოს - Tengiz-ის 50 პროცენტს, Exxon-ი კი 25 პროცენტს ფლობს.