Loading data...
FT: გრენლანდიის სკანდალმა უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმება ჩაშალა

ევროპის წინააღმდეგობამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების განზრახვისა და მისი „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივის მიმართ, ჩაშალა დავოსში უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის შესახებ უკრაინა-აშშ-ს შორის შეთანხმების ხელმოწერის გეგმები.

„ფაინენშალ ტაიმსი“ ექვს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ 800 მილიარდი დოლარის ეკონომიკური განვითარების გეგმის შესახებ გამოცხადება, რომელზეც უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უნდა შეთანხმდნენ, გადაიდო.

„ჯერ არაფერია ხელმოწერილი“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. მეორემ თქვა, რომ ევროპულ დედაქალაქებს არ შეუძლიათ უბრალოდ უგულებელყონ აშშ-ის პრეზიდენტის ქმედებები გრენლანდიასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ცდილობენ პროგრესის მიღწევას ტრამპთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში, როგორიცაა უკრაინა.

მესამე ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ გრენლანდიასა და მშვიდობის საბჭოსთან დაკავშირებულმა დავამ „დაჩრდილა“ უკრაინაზე დაგეგმილი ფოკუსირება.

„გრენლანდიასთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ შეერთებულ შტატებსა და ევროპის დედაქალაქებს შორის დოკუმენტზე მოლაპარაკებები ჩაშალა“, - განაცხადეს დისკუსიებთან ინფორმირებულმა სამმა პირმა. მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს საღამოს მოლაპარაკებებზე წარმომადგენელი არ გაგზავნა.

„განწყობა შეიცვალა“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა გრენლანდიის კრიზისზე საუბრისას.

„მან (ტრამპმა) ზღვარი გადაკვეთა და ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, - დასძინა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.