FT: ბრიუსელი რუსეთისთვის სანქციების დაწესების ახალ მიდგომას განიხილავს
ბრიუსელი რუსეთისთვის სანქციების დაწესების ახალ მიდგომას განიხილავს მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების უახლესი, მასშტაბური პაკეტის მიღება დაბლოკა. ამის შესახებ ნათქვამია Financial Times-ის სტატიაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპელი ოფიციალური პირები ეძებენ გზებს, რათა დააჩქარონ უფრო მიზანმიმართული ფინანსური შეზღუდვების დამტკიცება და შეამცირონ წევრი სახელმწიფოების მიერ მოლაპარაკებების დროს ვეტოს უფლების გამოყენების შესაძლებლობა.
საბერძნეთი კვირების განმავლობაში ითხოვდა კომპანია Dynagas-ის გემებისთვის გამონაკლისის დაშვებას, რათა მათ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გაგრძელება შეძლებოდათ, სანაცვლოდ კი მზად იყო, რუსეთის წინააღმდეგ სხვა ზომების მიღებას დათანხმდებოდა.
სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ ტაქტიკის შესაზღუდად, რომელიც სულ უფრო აქტიურად გამოიყენება ევროკავშირის სანქციების შესახებ ბოლო დროს გამართულ მოლაპარაკებებში, რადგან წევრი სახელმწიფოების დედაქალაქები ცდილობენ, დაიცვან ის კომპანიები, რომლებიც რუსეთთან ბიზნესს კვლავ აწარმოებენ.
ერთ-ერთი იდეა, რომელიც პოპულარობას იძენს როგორც ევროკომისიაში, ასევე ყველაზე პროუკრაინულ წევრ სახელმწიფოებში, არის სანქციებზე შეთანხმება და მათი განხორციელება ინდივიდუალურად, ან მცირე თემატურ პაკეტებად, მსხვილი პაკეტების მიღების ნაცვლად.
ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ ეს შეამცირებს ეროვნული ვეტოების გამო ზომების გადადების რისკს.
„ეს შესაძლოა, სანქციების ბოლო პაკეტი იყოს. ახლა უკვე ნათელია, რომ ეს მიდგომა აღარ მუშაობს“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ სანქციების 21-ე პაკეტზე მითითებით, რომლის მიღებაც საბერძნეთის ვეტოს გამო გადაიდო.