Loading data...
FT: ამერიკულმა მხარემ უკრაინას მხოლოდ რამდენიმე დღე მისცა, ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა „შობამდე“ სურს

ამერიკულმა მხარემ უკრაინას მხოლოდ რამდენიმე დღე მისცა, რათა უპასუხოს „სამშვიდობო შეთანხმების“ უახლეს ვერსიას, რომელსაც ის მასთან და რუსეთთან განიხილავს, - ამის შესახებ ფაინენშალ თაიმსი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღე მისცეს, რათა უპასუხოს შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც უკრაინისგან ტერიტორიული დანაკარგების მიღებას მოითხოვს აშშ-სგან უსაფრთხოების დაუზუსტებელი გარანტიების სანაცვლოდ.

FT-ის წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ შაბათს დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან „რთული“ საუბრის დროს მას მოუწოდეს, სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

სტატიაში ნათქვამია, რომ ზელენსკის „რამდენიმე დღე“ აქვს შემოთავაზებულ „სამშვიდობო შეთანხმებაზე“ პასუხის გასაცემად.

FT-ის წყაროების ცნობით, ზელენსკიმ ამერიკულ მხარეს განუცხადა, რომ მას დრო სჭირდებოდა სხვა ევროპელ მოკავშირეებთან „სამშვიდობო შეთანხმებაზე“ კონსულტაციებისთვის.

წყარომ Financial Times-ს განუცხადა, რომ ტრამპი იმედოვნებს, რომ შეთანხმებას „შობამდე“ მიაღწევს.