Loading data...
ფრიდრიხ მერცი: უკრაინა ომის დასრულებამდე ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

უკრაინა ომის დასრულებამდე ვერ გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, ომის დასრულებამდე ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი მიიღოს, როგორც ინტეგრაციის შუალედური ეტაპი. მერცმა აღნიშნა, რომ ეს მარტივად განსახორციელებელია, რადგან ბლოკში წევრობის ასეთი მოდელი არ საჭიროებს ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებში რაიმე ცვლილებას.

მან გაიხსენა, რომ 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ მალევე, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებისთვის ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსი შემოიღეს, ხმის უფლების გარეშე.

მერცმა ასევე განმარტა, თუ რატომ შეიძლება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები უკრაინაზე ადრე გახდნენ. მისი თქმით, მთავარი განსხვავება ისაა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები გრძელდება.

„ისეთი ქვეყანა, როგორიც უკრაინაა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ მას შეუძლია, გახდეს ევროკავშირის ასოცირებული წევრი, შემდეგ კი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.