Fox News: „ჰამასის“ მებრძოლებმა ტრამპს წერილი გაუგზავნეს, ისრაელთან 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ

„ჰამასის“ მებრძოლებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისრაელთან 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გარანტიას სთავაზობენ. სანაცვლოდ კი მძევლების გათავისუფლებას ჰპირდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine Fox News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ტრამპის ადმინისტრაციის ანონიმურმა მაღალჩინოსანმა არხს განუცხადა, წერილი შეიცავს მოთხოვნას, უზრუნველყოფილი იყოს საომარი მოქმედებების 60-დღიანი შეჩერება ღაზაში, დაკავებული მძევლების ნახევრის დაუყოვნებლივი გათავისუფლების სანაცვლოდ.
ოფიციალური პირის თქმით, წერილი ამჟამად კატარში იმყოფება. მისი ტრამპისთვის გადაცემა ამ კვირაში იგეგმება.
Fox News-ი აღნიშნავს, რომ „ჰამასის“ მებრძოლებს ღაზაში კვლავ 48 მძევალი ჰყავთ, დაახლოებით 20 ადამიანი კი ცოცხალია.
მოლაპარაკების პროცესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროგრესირებდა, თუმცა თვის დასაწყისში ისრაელმა დოჰაში „ჰამასის“ პოზიციებს დაარტყა, რამაც დიალოგის გაყინვა გამოიწვია.
ტელეარხის ცნობით, ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ გადაცემული წერილი დიალოგის განახლების საშუალებას იძლევა და დონალდ ტრამპს უბიძგებს პირადად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში შეთანხმების მისაღწევად, მძევლების დასაბრუნებლად და ომის დასასრულებლად.
NEW: Hamas wrote a letter to President Trump asking him to personally guarantee a 60-day pause in Gaza in exchange for immediately releasing half of the hostages, Fox News has learned from a Senior Trump administration official and a second source directly involved in the talks. pic.twitter.com/GynGHGx2xB
— Trey Yingst (@TreyYingst) September 22, 2025