Foreign Affairs: ალასკაში გამართულმა შეხვედრამ პუტინის პოზიციები გააძლიერა და უკრაინაში ომი გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის მმართველ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამ მხოლოდ გააძლიერა რუსეთის ლიდერის პოზიციები და ამით გაახანგრძლივა როგორც უკრაინაში ომი, ასევე, მისი ხელისუფლებაში დარჩენა, - წერს Foreign Affairs.
როგორც სტატიის ავტორები წერენ, რუსული სოციოლოგიური კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების 79% სამიტს ვლადიმერ პუტინის წარმატებად მიიჩნევს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 51% უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ.
„სამიტის შემდეგ რუსულ მედიას არ დასჭირვებია ცრუ განცხადებების გამოქვეყნება პუტინის დიპლომატიური ტრიუმფის ხაზგასასმელად: ისინი რეალურ მოვლენებს პუტინის გამარჯვების შესახებ დასავლურ კომენტარებთან ერთად ავრცელებდნენ. პუტინს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ომი გააგრძელოს იმდენ ხანს, რამდენიც მისი პირობებით გამარჯვებისთვის იქნება საჭირო“, - ნათქვამია სტატიაში.
სინამდვილეში, ავტორების აზრით, სამიტი პუტინს მოსკოვის პრეტენზიების ლეგიტიმაციის დარწმუნებაში დაეხმარა. შეხვედრამ რუსებს, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზანშეწონილობაში, მისცა საფუძველი, ეფიქრათ, რომ შეჭრა „სამართლიანი“ იყო . ანკორიჯში ყოფნის დროს პუტინი უყვებოდა ჟურნალისტებს რუსეთის „ლეგიტიმურ შეშფოთებაზე“, ევროპასა და მსოფლიოში „უსაფრთხოების სამართლიანი ბალანსის“ და „ყველა ძირითადი მიზეზის, მთავარი მიზეზის აღმოფხვრის აუცილებლობაზე“, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
„ტრამპმა არაფერი გააკეთა ამ ბრალდებების უარსაყოფად. სინამდვილეში, როგორც ჩანს, ის დაეთანხმა პუტინის მტკიცებას, რომ მოსკოვს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხში“, - ნათქვამია ანგარიშში.
„პუტინის მიზანი ყოველთვის იყო საერთაშორისო სისტემის თავის ნებაზე დამორჩილება და ქვეყანაში ძალაუფლებაზე მონოპოლიის შენარჩუნება. 2014 წელს უკრაინაში პირველი შეჭრის შემდეგ, პუტინი გრძელვადიან თამაშს თამაშობდა. ის ყოველთვის მიიჩნევდა, რომ დრო მის მხარესაა. ალასკის სამიტმა მას კიდევ უფრო მეტი დრო მისცა და გააძლიერა მისი პოზიცია სამხედრო გამარჯვების მისაღწევად“, - წერს გამოცემა.