ფონ დერ ლაიენი: პუტინის ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ შეკავებაა შესაძლებელი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს გამოიყენოს თავისი ფინანსური ბერკეტები, რათა გააძლიეროს და დააჩქაროს თავდაცვის წარმოება რუსეთის მხრიდან მზარდი მტრობის ფონზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის სამხედრო მარაგში არსებული ხარვეზების შევსებისა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობაა.
„პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, რუსული სამხედრო კომპლექსი აღემატება ევროპულს და კრემლი უფრო მეტს ხარჯავს იარაღზე, ვიდრე მთელი ევროპა ერთად.
„ევროპარლამენტი, წლებია, ამტკიცებს, რომ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს და თქვენ აბსოლუტურად მართალი იყავით. ამ უფრო სახიფათო ეპოქაში ევროპა უნდა გაძლიერდეს. ეს არის გეგმის მიზანი, რომელიც მე წარვუდგინე ევროკავშირის ლიდერებს გასულ კვირას. ლოგიკა მარტივია: ჩვენ გვინდა, გამოვიყენოთ ყველა ფინანსური ბერკეტი, რომელიც გვაქვს ჩვენი თავდაცვის წარმოების გასაძლიერებლად და დასაჩქარებლად“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.