Financial Times: ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმამ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებამ ევროპა ორად გაყო
ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმამ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებამ ევროპა ორად გაყო - სახელმწიფოები ცდილობენ კიდევ ერთხელ დაადასტურონ საკუთარი ერთგულება საერთაშორისო სამართლისა და სუვერენიტეტისადმი ისე, რომ პირდაპირ არ გააკრიტიკონ დონალდ ტრამპი, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
„ევროპამ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი მასთან კონფრონტაციის თავიდან არიდების სასოწარკვეთილ მცდელობაში გაატარა, რათა შეენარჩუნებინა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და ფუნდამენტური მხარდაჭერა კონტინენტის თავდაცვისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, ბლოკს, რომელმაც თითქმის ოთხი წელი უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემის მოთხოვნაში გაატარა, ვენესუელის ავტონომია საერთოდ არ უხსენებია.
რეიდმა, რომლის შესახებაც ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უახლოეს მომავალში ქვეყნის „მმართველობას“ გადაიბარებდა, გამოააშკარავა არსებული განხეთქილება და ბევრი ლიდერი აიძულა, გეოპოლიტიკური რიტორიკის უკიდურეს ზღვარზე ემოქმედათ.
მაშინ როდესაც იტალიის პრო-ტრამპისტმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის ოპერაცია „ლეგიტიმურად“ და „თავდაცვით ინტერვენციად“ შეაფასა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ იგი „ეწინააღმდეგება ძალის გამოუყენებლობის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო სამართლის საფუძველს წარმოადგენს“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვენესუელაში „მშვიდობიანი და დემოკრატიული გარდამავალი პერიოდისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა სცემდეს პატივს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებას“.