Loading data...
Financial Times: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფი „რუბიკონი“ პოკროვსკის ოლქში უკრაინული ძალებისთვის მთავარ პრობლემად იქცა

რუსეთის ჯარებმა პოკროვსკში ნაწილობრივ შესვლა ქვედანაყოფ „რუბიკონის“ დახმარებით შეძლეს, - ამის შესახებ Financial Times-ი წერს. 

როგორც მედიასაშუალება წერს, რუსული ძალების აღნიშნული ქვედანაყოფი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს, რათა უკრაინელი დრონების ოპერატორებზე „ინადიროს“. 

„დრონის შეცვლა ადვილია, მაგრამ დრონის ოპერატორის ძნელი“, - აღნიშნა უკრაინელმა დრონის ოპერატორმა კონფიდენციალურად. 

პოკროვსკის მახლობლად მყოფმა უკრაინელმა ჯარისკაცმა არტემ კარიაკინმა ქვედანაყოფი „რუბიკონი“ ქალაქისთვის ბრძოლაში „მთავარ პრობლემად“ მოიხსენია.

„რუსებს რომ არ ჰყოლოდათ ასეთი კომპეტენტური დრონების ოპერატორები, მათი ქვეითი ჯარი ქალაქში შესვლას ვერ შეძლებდა“, - თქვა მან. 

ფილადელფიის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლის, რობ ლის თქმით, „რუბიკონს“ დაახლოებით 5000 თანამშრომელი და ძალიან ვრცელი ფინანსური ბაზა ჰყავს. 

„ეს უბრალოდ დანაყოფი არ არის: ეს დრონებთან დაკავშირებული სისტემების ფართო სპექტრის განვითარების ცენტრია“, - განმარტავს რობ ლი. 

მისივე თქმით, ქვედანაყოფი „რუბიკონი“ ავითარებს, აანალიზებს და ახორციელებს ახალ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებსა და პროცედურებს, ასევე ამზადებს ოპერატორებს.