Loading data...
Financial Times: პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის 15-წლიანი დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების წინადადებებს განიხილავენ, რათა ბლოკმა გეოპოლიტიკურ კრიზისებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება შეძლოს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას. ასევე, საუბარია მის დაქვემდებარებაში არსებული საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) ნაწილის ფუნქციების ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებზე გადანაწილებაზე.

Financial Times-ის ცნობით, რომელიც საკითხზე ინფორმირებულ ხუთ მაღალჩინოსანს ეყრდნობა, აღნიშნული ინიციატივები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის გადახედვას ითვალისწინებს.