Loading data...
Financial Times: ევროკავშირი უნგრეთში დაგეგმილი არჩევნების წინ ვიქტორ ორბანის მიმართ კრიტიკას არბილებს

ევროკომისია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიმართ კრიტიკას არბილებს და შესაძლოა, უნგრეთში დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების წინ მის მთავრობას ახალი დაფინანსებაც კი გამოუყოს. ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

ევროკავშირის ოფიციალურ პირებს არ სურთ, ისე წარმოჩნდნენ, რომ ისინი არჩევნებში ერევიან, ან ორბანს ბრიუსელის საწინააღმდეგო კამპანიისთვის დამატებითი არგუმენტები მისცენ. 

გამოკითხვები მიუთითებს, რომ ორბანმა შესაძლოა, 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნები წააგოს, რადგან პიტერ მაგიარის მეთაურობით ოპოზიციური პარტია „ტიზა“ ორბანის პარტია „ფიდესს“ დაახლოებით 10 პუნქტით უსწრებს. წყაროების ცნობით, „ტიზამ“ ასევე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, საარჩევნო კამპანიის დროს თავშეკავება გამოიჩინონ.

15 თებერვლის გამოსვლაში მაგიარმა ევროკავშირში უნგრეთის პოზიციების განმტკიცების პირობა დადო. „უნგრეთის ადგილი ევროპაშია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ იმიტომაც, რომ ევროპას ჩვენ ვჭირდებით“, - აღნიშნა მან.

წყაროების ცნობით, კომისია უკვე უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს უნგრეთისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებში. ბოლო დროს გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად, ორბანის მთავრობამ შესაძლოა, არჩევნებამდე დაახლოებით 2.4 მილიარდი ევროს ახალი დაფინანსება მიიღოს.

„ასეთ ისტორიულ, გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მათ დაასკვნეს, რომ უმჯობესია, არაფერი გააკეთონ. ევროკომისია თავის რისკებს აზღვევს, რაც ნორმალურია“, - განაცხადა უნგრელმა ოფიციალურმა პირმა. 

ევროკავშირის დიპლომატმა დასძინა: „ევროკომისია გონივრულად მოიქცევა, რომ უნგრეთთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელოვანი განცხადება არ გააკეთოს, რათა არჩევნებში ჩარევაში დადანაშაულების რისკი თავიდან აიცილოს“.

„ევროკავშირის ინსტიტუტების ყველა ქმედებას ორბანი გამოიყენებს... ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიტყვით, ან არ ვიტყვით, ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ევროპარლამენტის წარმომადგენელმა.