Financial Times: ჩრდილოეთ ევროპაში უარყოფენ ტრამპის მტკიცებას, რომ რუსული და ჩინური გემები გრენლანდიის გარშემო მოძრაობენ
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების დიპლომატებმა უარყვეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მტკიცება, რომ რუსული და ჩინური გემები გრენლანდიის მახლობლად მოძრაობენ. ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.
ორმა სკანდინავიელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, რომლებსაც ნატოს სადაზვერვო ბრიფინგებზე წვდომა აქვთ, განაცხადა, რომ ბოლო წლებში გრენლანდიის გარშემო რუსული, ან ჩინური გემების, ან წყალქვეშა ნავების ყოფნის ნიშნები არ დაფიქსირებულა.
„უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ იქ ჩინელები და რუსები იმყოფებიან. მე ვნახე დაზვერვის მონაცემები. იქ არც გემები და არც წყალქვეშა ნავები არიან“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
კიდევ ერთმა სხვა სკანდინავიური ქვეყნიდან განაცხადა, რომ „ის აზრი, რომ გრენლანდიის გარშემო წყლები რუსული და ჩინური გემებით, ან წყალქვეშა ნავებით არის სავსე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“.
„ისინი არქტიკაში არიან, დიახ, მაგრამ რუსეთის მხარეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემაც უარყო ეს ბრალდებები.
„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გრენლანდიის გარშემო რუსეთის, ან ჩინეთის მხრიდან დიდი აქტივობაა. ჩვენს სამეზობლოში აქტივობაა, თუმცა გრენლანდიის გარშემო ძალიან მცირეა“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.