Financial Times: აშშ-სა და უკრაინას შორის, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, ბოლო წუთებში, ჩაიშალა

აშშ-სა და უკრაინას შორის, ბოლო წუთებში, უთანხმოება წარმოიშვა და მათ, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ვერ დადეს, - ინფორმაციაზე Financial Times წერს.
„როდესაც უკრაინის ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აშშ-ში მიფრინავდა, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სკოტ ბესენტის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მზად უნდა ყოფილიყო ან შეთანხმების ყველა პუნქტის ხელმოსაწერად ან სახლში დასაბრუნებლად,“ - წერია გამოცემაში.
როგორც ჩანს, თეთრ სახლს სურს როგორც ჩარჩოშეთანხმების, ასევე საინვესტიციო ფონდის, რომელიც წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს განკარგავს, შეთანხმების შესახებ ერთდროული ხელმოწერა.
„ამის გაკეთების დრო არის ახლა, ეს არის პრეზიდენტ ტრამპის სურვილი“, - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.
უკრაინული მხარე კი, განმარტავს, რომ ორივე დოკუმენტზე, ერთდროულად, ხელმოწერა შეუძლებელია, რადგან საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება, ხელმოწერამდე რატიფიცირებული უნდა იყოს უკრაინის უმაღლესი რადას მიერ.
მიუხედავად წარმოქმნილი გაუგებრობისა, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი უკან არ იხევს და ამბობს, რომ კიევი მზადაა, ხელი მოაწეროს ყველა შეთანხმებას, რაც ამერიკასთან ეკონომიკური პარტნიორობის დამყარებას სჭირდება.
„როგორც კი, ყველა დეტალი, საბოლოოდ, შემუშავდება, რაც, იმედი მაქვს, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოხდება, შეთანხმებას ხელი მოეწერება.“ - აცხადებს შმიგალი.