Loading data...
ფილიპინებში ვულკანი მაიონი ამოიფრქვა - ევაკუირებულია ათობით მიმდებარე სოფელი

ფილიპინებში ვულკან მაიონის ამოფრქვევის შედეგად, ათობით მიმდებარე სოფლის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Deutsche Welle ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა (Phivolcs) თავის ვებსაიტზე „მაგმური აქტივობის მაღალი დონის“ შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ლავა შესაძლოა, რამდენიმე კილომეტრზე გავრცელდეს. 

ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა მესამე დონის განგაში გამოაცხადა და განაცხადა, რომ ვულკანის კრატერიდან 6 კილომეტრის რადიუსში მუდმივი საფრთხის ზონა მკაცრად დაცული უნდა იყოს.

Phivolcs-მა მოსახლეობა ასევე გააფრთხილა, რომ შესაძლებელია კლდეების ჩამოშლა, ზვავები და საშუალო ზომის აფეთქებები და დასძინა, რომ 24 საათის განმავლობაში 32 ბიძგი დაფიქსირდა.

საინფორმაციო სააგენტო PNA-ს ცნობით, ვულკან მაიონის ამოფრქვევის შედეგად ფერფლმა დაახლოებით 52 სოფელი დააზარალა. 

აღსანიშნავია, რომ 2,463 მეტრის სიმაღლის მაიონი ქვეყანაში ყველაზე აქტიური ვულკანია. 1814 წელს მის ამოფრქვევას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1993 წელს კი 79 ადამიანი დაიღუპა.