Loading data...
ფაშინიანი: შიდა და გარე პროვოკაციების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება

შიდა და გარე პროვოკაციების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა

ფაშინიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება.

„ჩვენმა რეგიონმა დაიმსახურა უფლება, იცხოვროს მშვიდობიანად და აყვავებულად და ასეც უნდა იყოს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობის გზაზეა, რომლის გავლაც მარტივი არ არის და გამბედაობას, საკუთარი ისტორიის ცოდნას მოითხოვს. 

„ბოლო წლებში ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგიის განხილვას დავუთმე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია. „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგია ჩვენი ისტორიის წაკითხვისა და ხელახლა წაკითხვის შედეგია. „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგია ისტორიული სომხეთის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი გზავნილების წაკითხვის შედეგია, რომელიც გვეუბნება: ნუ გაჰყვებით ჩემს გზას, არამედ ფოკუსირდით ჩვენი ოცნების ქვეყანაში, სომხეთის რესპუბლიკაში თავისუფლების, ბედნიერებისა და კეთილდღეობის აშენებაზე და ამ ბედნიერი სახელმწიფოს თაობიდან თაობისთვის გადაცემის საკითხზე. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა და ვალდებულნი ვართ, ის გამოვიყენოთ. დღეს ჩვენ ასევე გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შექმნაში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.