Loading data...
ევროპულ ძალებთან ბირთვული სანქციების შესახებ მოლაპარაკებები „სერიოზული, გულწრფელი და დეტალური“ იყო - ირანელი დიპლომატი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ქაზემ ღარიბაბადის განცხადებით, თეირანმა ევროპულ ძალებთან სანქციების შემსუბუქებასა და ბირთვულ საკითხზე „სერიოზული, გულწრფელი და დეტალური“ დისკუსია გამართა, რომლის დროსაც ორივე მხარემ კონკრეტული იდეები წარადგინა.

მისი თქმით, ირანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პრინციპული პოზიციები, მათ შორის სანქციების აღდგენის მექანიზმთან დაკავშირებით.

„ორივე მხარე შეხვედრაზე კონკრეტული იდეებით მივედით. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ქაზემ ღარიბაბადიმ.

ცნობისთვის, დღეს, 25 ივლისს, სტამბოლში ირანის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. სამმა ევროპულმა ქვეყანამ თეირანი გააფრთხილა, რომ მოლაპარაკებების განახლების შეუძლებლობა ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ხელახლა დაწესებას გამოიწვევდა.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ირანი მზადაა, განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან, თუ ზოგიერთი პრინციპი დაცული იქნება. კერძოდ, ირანელი დიპლომატის თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება განახლდეს იმ პირობით, რომ თეირანის უფლებები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით აღიარებული იქნება, ვაშინგტონი თეირანთან ნდობას დაამყარებს და გარანტიას გასცემს, რომ მოლაპარაკებები ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებას არ გამოიწვევს.