„ევროპის უმდიდრესი ქვეყანა“: ტრამპი უკრაინისთვის მომგებიან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავს - Bild
უკრაინა „ყველაზე მდიდარი ქვეყანაა ევროპაში“ და როდესაც დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, ის მოლაპარაკებებს გამართავს სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც უკრაინას, ისე აშშ-ს. ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განაცხადა.
„ეს ომია ფულის გამო. არავის სურს ამაზე საუბარი. ჩვენ დავიბრუნებთ ფულს და გავმდიდრდებით იშვიათი მიწიერი ლითონებით - და უკრაინაც ისარგებლებს“, - თქვა მან, იუწყება Bild-ი.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „გარიგება“ შესაძლოა მოიცავდეს ომის შედეგად განადგურებული უკრაინის პრაქტიკულ დაყოფას. ამის გამო, რუსეთი შეიძლება „ნაწილობრივ გამარჯვებულ“ პოზიციაში აღმოჩნდეს. მედია წერს, რომ ტრამპს შეუძლია, ადვილად გააოცოს ყველა და მხარი დაუჭიროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნედლეულს და შვიდ ტრილიონ დოლარამდე ღირებულების მიწას.
„ტრამპს, შესაძლოა, გეოსტრატეგიული მოსაზრებები უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე ფული.ეს ყველაფერი ძლიერი არგუმენტია რუსეთთან დაპირისპირების სასარგებლოდ“, - აღნიშნა სენატორმა გრეჰემმა.
გამოცემა იუწყება, რომ ძვირფას რესურსებს შორისაა ურანი, ტიტანი, ლითიუმი, გრაფიტი და სხვა სტრატეგიული რესურსები, რომლებიც გააძლიერებს რუსეთს, ან უკრაინას და დემოკრატიულ სამყაროს.