Loading data...
ევროპაში მასშტაბურ ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება

სამხრეთ ევროპის ქვეყნებში - საბერძნეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძრები კვლავ მძვინვარებს. ესპანეთში 14 აგვისტოს ხანძრის ქრობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ესპანეთში ძლიერი სიცხის შესახებ გაფრთხილება უკვე მე-12 დღეა არსებობს. მაღალი ტემპერატურა მინიმუმ 17 აგვისტომდე შენარჩუნდება. ესპანეთმა ხანძრებთან ბრძოლის საკითხში დახმარება ევროკავშირს სთხოვა. საფრანგეთმა იქ ორი სახანძრო თვითმფრინავი გააგზავნა.

ხანძრების გამო ესპანეთში 10 700-მა ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა. ყველაზე მეტად კასტილიის, ლეონის, გალისიის, ვალენსიის და ესტრამადურას რეგიონები დაზარალდა. წლის დასაწყისიდან ესპანეთში 148 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა.

14 აგვისტოს ესპანეთში ცეცხლის გაჩენაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს. საერთო ჯამში ზაფხულში ესპანეთში 25 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტყის ხანძრების გაჩენაში არიან ეჭვმიტანილები.

პორტუგალიაში ხანძრის ქრობაში ათზე მეტი სახანძრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. ცეცხლს 800 მეხანძრე ებრძვის.

საფრანგეთშიც ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძარი განზრახ გააჩინეს. მას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ორი სერიოზულად დაშავდა. ხანძარს საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე უკვე ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ აქრობენ.

ცეცხლის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი ერთი პირი საბერძნეთშიც დააკავეს. ცეცხლი ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქში, პატრაში მძვინვარებს. 13 აგვისტოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბავშვთა საავადმყოფოს და მოხუცთა თავშესაფრის ევაკუაცია განახორციელა.