ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კატარმა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა
კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია QatarEnergy-მ 2 მარტს, ინდუსტრიულ ქალაქ რას ლაფანში მის ობიექტზე ირანის თავდასხმის შემდეგ, თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა, ნათქვამია კომპანიის მიერ CNN-ისთვის გაზიარებულ განცხადებაში.
საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ის უფროსი ანალიტიკოსის პერ მაგნუს ნისვინის თქმით, კატარის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტიორის, გადაწყვეტილებას მთელ მსოფლიოში მიწოდებებზე „დომინოს“ ეფექტი ექნება.
„მიწოდების ჯაჭვში ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის ეს გათიშვა, ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს (გლობალურ) ბაზარზე“, - განუცხადა მან CNN-ს და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად დაზარალდება აზიაში, რომელიც კატარის თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მყიდველია, და ასევე ევროპაში გადაზიდვები.
ნიდერლანდების ბუნებრივი აირის ფასი 2 მარტის შუადღის ვაჭრობისას თითქმის 48%-ით გაიზარდა. თუმცა, ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ჭარბი მიწოდების გათვალისწინებით, ნისვინის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფასებმა 2022 წლის „უკიდურეს მაქსიმუმს“ მიაღწიოს, როდესაც ევროპა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
ირანული დრონის სამიზნე დოჰას სამხრეთით, მესაიდში მდებარე ელექტროსადგურთან ერთად QatarEnergy-ის ობიექტიც გახდა. ნისვინის თქმით, რას ლაფანში „შათდაუნი“, სავარაუდოდ, ოპერაციული მიზეზებით მოხდა.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, კატარი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი თხევადი ბუნებრივი აირის მწარმოებელია, რომელიც გლობალური ექსპორტის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.