Loading data...
ევროპას რუსეთისგან საფრთხე ემუქრება - Financial Times

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ევროპულმა სადაზვერვო სააგენტოებმა თავიანთი მთავრობები გააფრთხილეს, რომ რუსეთის ფედერაცია „კონტინენტის მასშტაბით ძალადობისა და დივერსიის აქტებს გეგმავს“, რადგან დასავლეთთან გრძელვადიანი კონფლიქტისთვის ემზადება. ინფორმაციას Financial Times-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

„რუსულმა მხარემ ევროპის ტერიტორიაზე ფარული აფეთქებების, ცეცხლის წაკიდებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების აქტიური მომზადება დაიწყო, როგორც პირდაპირ, ისე შუამავლების მეშვეობით. ამავდროულად, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო აშკარა შეშფოთებას არ გამოხატავს“, - წერს Financial Times-ი დაზვერვის ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

3 ევროპული ქვეყნის შეფასებით, კრემლის აგენტებს მსგავსი ოპერაციების მოწყობის დიდი ხნის ისტორია აქვთ და ბოლო წლებში ევროპაში თავდასხმებს ახორციელებდნენ, თუმცა ახლა სულ უფრო აგრესიული და შეთანხმებული ძალისხმევის მტკიცებულებები იჩენს თავს. 

დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ახლა თავს „ძლიერად“ გრძნობს და შეეცდება, დეზინფორმაციის, დივერსიის, ან ჰაკერული თავდასხმების მეშვეობით ევროპაზე რაც შეიძლება მეტი ზეწოლა განახორციელოს.

ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ნატოს უსაფრთხოების სამსახურების მეშვეობით იღებენ ინფორმაციას „მკაფიო და დამაჯერებელი რუსული ბოროტმოქმედების“ შესახებ, რომელიც კოორდინირებული და მასშტაბურია. მან დასძინა, რომ დროა, ევროპულ მიწაზე რუსული ძალადობის საფრთხეზე ცნობიერება ამაღლდეს და ყურადღება გამახვილდეს.