Loading data...
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ბერლინს მოუწოდა, უკრაინას Taurus-ის რაკეტები მიაწოდოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გერმანიის მთავრობას მოუწოდა, საბოლოოდ გადაწყვიტოს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების გადაცემა. ამის შესახებ მან გერმანული მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მეცოლამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის „დრო არსებითია“, რუსეთი კი აძლიერებს ზეწოლას - უკრაინის ქალაქების თავზე საჰაერო სამიზნეების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. 

რობერტა მეცოლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა „სამუდამოდ ვერ მოიცდის“ და რომ ევროპარლამენტში არსებობს ფართო მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მისაღებად.

ცნობისთვის, გერმანიის მიერ უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე დებატები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვები მოუხსნა და გერმანიაში ვადამდელი არჩევნები ახლოვდება.

უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „გერმანიის ქრისტიან - დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი, რომელსაც დიდი შანსი აქვს, გახდეს გერმანიის მომდევნო კანცლერი, კიევისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის მომხრეა. ამ გადაწყვეტილებას ემხრობიან „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კოალიციური პარტნიორებიც, თუმცა კანცლერი ოლაფ შოლცი რაკეტების გადაცემის წინააღმდეგია.