Loading data...
ევროპარლამენტის პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მოუწოდა ევროპელ კოლეგებს, ირანის წინააღმდეგ გაცილებით მკაცრი სანქციები დააწესონ, მათ შორის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში ევროპარლამენტის პრეზიდენტი ირანის რეჟიმის მეტი მაღალჩინოსნის მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს, „რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის“ გამო.

მეცოლა ასევე მოითხოვს იმ ტექნოლოგიების ექსპორტზე უფრო მკაცრი კონტროლის დაწესებას, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია პროტესტების ჩასახშობად.

„მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა გამოავლინოს თანმიმდევრული და ერთიანი ინსტიტუციური რეაგირება“, - წერს ოფიციალური პირი წერილში.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტს სანქციების დაწესებაში ოფიციალური როლი არ აქვს. შემზღუდავ ზომებს ევროკომისია წარადგენს.