Loading data...
ევროპარლამენტი რუსულ და ბელორუსულ სასუქებზე მაღალი ტარიფების დაწესებას მხარს უჭერს

ევროპარლამენტმა დაამტკიცა წინადადება რუსულ და ბელორუსულ სასუქებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე მაღალი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, რამაც ევროპელ ფერმერებში შეშფოთება გამოიწვია. ისინი შესაძლო შედეგების შესახებ ბჭობენ.

22 მაისს გამართულ კენჭისყრაზე, ევროპარლამენტარებმა გადაწყვიტეს შეამცირონ ევროპის დამოკიდებულება რუსულ და ბელორუსულ პროდუქტზე და ამით, ხელი შეუწყონ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი სანქციებით რუსეთს ფინანსური მხარდაჭერა შეუმცირდება და ეს ფაქტი, უკრაინაში ომის წარმოებას შეაფერხებს. ინფორმაციაზე Euronews საუბრობს. 

ახალი ტარიფები 1 ივლისიდან ამოქმედდება და 3 წლის განმავლობაში, გადასახადებს 6.5%-დან, თითქმის, 100%-მდე გაზრდის, რაც, ფაქტობრივად, იმპორტის დიდ ნაწილს შეაჩერებს.

ამჟამად, რუსეთი ევროკავშირს აზოტშემცველი სასუქების 25%-ს აწვდის, რაც წელიწადში, დაახლოებით, 1.3 მილიარდი ევროს ღირებულებისაა.

დამატებითი გადასახადების დაწესება ვრცელდება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზეც, როგორებიცაა ხორცი, რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, რაც წლიურ ვაჭრობაში, დაახლოებით, 380 მილიონ ევროს შეადგენს.

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის დაფინანსება ჩვენივე ფინანსური რესურსებით. თუ სოფლის მეურნეობის სექტორი გააგრძელებს რუსული სასუქების შესყიდვას, ეს ფული რუსეთს პირდაპირ დაეხმარება ომის გახანგრძლივებაში“, - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები. 

ევროპული სასუქების ინდუსტრია მიესალმება პარლამენტის ამ ნაბიჯს და მას აფასებს, როგორც კრიტიკულად გადამწყვეტს, შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და გახადოს ევროპული ეკონომიკა უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი.