Loading data...
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, რომ უკრაინის ძალებს დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოუხსნან

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მათ უკრაინის მიერ რუსეთის კანონიერ მიზნებზე დასავლური იარაღით დარტყმების განხორციელებაზე შეზღუდვები დაუყოვნებლივ მოხსნან. რეზოლუციას ევროპარლამენტის 425-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 131 -მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 63-მა თავი შეიკავა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ევროდეპუტატებმა ასევე მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს, რომ უკრაინას დაჩქარებული ტემპებით თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ის საბრძოლო მასალები და შეიარაღება მიწოდონ, რომელსაც კიევი ითხოვს. კერძოდ, საუბარია გერმანულ ფრთოსან რაკეტებზე Taurus.

ასევე ევროპარლამენტი რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაფართოებას მოითხოვს. ევროპარლამენტარების აზრით, სანქციები იმ ქვეყნების და ორგანიზაციების წინააღმდეგ უნდა დაწესდეს, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სამხედრო ტექნოლოგიებს და ორმაგი დანიშნულების მოწყობილობებს აწვდიან. პირველ რიგში საუბარია ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე და ჩინეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო სექტორთან თანამშრომლობენ.

დეპუტატები რუსეთის თხევად გაზზე და „გაზპრომის“ წინააღმდეგ, ასევე რუსეთის ნავთობის კომპანიების წინააღმდეგ ემბარგოს დაწესებას მოითხოვენ, ხოლო რუსეთის გემებისთვის, რომლებიც რუსეთში თხევადი გაზის იმპორტს ახორციელებენ, დასავლეთის პორტებში შესვლის აკრძალვას.

ევროპარლამენტარები რუსული ხორბლის, სასუქის, ალუმინის, ურანის, ტიტანის, ნიკელის და ხის ნაწარმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც მოითხოვენ.