„ევროპა უკრაინაში თავის ძალებს განათავსებს“ - „მსურველთა კოალიციის“ ერთობლივი განცხადება

უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ უკრაინაში მრავალეროვნულ ძალებს განათავსებს, - ამის შესახებ კოალიციის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გაიმართა „კოალიციის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით.
შეხვედრაზე განიხილეს „უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები“ ალასკაში ტრამპ-პუტინის შეხვედრის შემდეგ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციის ლიდერებმა „დააფასეს პრეზიდენტ ტრამპის ვალდებულება, მიაწოდოს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები“, რომლის განხორციელებაშიც „მსურველთა კოალიცია“ მიიღებს მონაწილეობას.
„მათ (შეხვედრის მონაწილეებმა) კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მზადყოფნას, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ თავიანთი ძალები განალაგონ, ასევე, ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას“, - ნათქვამია განცხადებაში.