ევროპა უძლურია - ვერავინ შეაჩერებს ტრამპს გრენლანდიისკენ მიმავალ გზაზე - CNN
დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ ევროპისთვის უპრეცედენტო დიპლომატიური კრიზისი შექმნა. აშშ-ის ადმინისტრაციის მუქარა გრენლანდიის ანექსიის შესახებ ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების საფუძვლებს ეჭვქვეშ აყენებს. წერს CNN.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი გრენლანდიის შესყიდვის „ვარიანტების ფართო სპექტრს“ განიხილავს, მათ შორის სამხედრო ზომებს. ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა, არხს პირდაპირ განუცხადა:
„ჩვენ ვართ სუპერსახელმწიფო... და ვაპირებთ, რომ სუპერსახელმწიფოს მსგავსად ვიმოქმედოთ“.
კოპენჰაგენში განგაში ატყდა: დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო თავდასხმა ნატოს წევრ ქვეყანაზე ძირს უთხრის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას.
ამავდროულად, ევროპელმა ლიდერებმა, განსაკუთრებით პარიზსა და ლონდონში, თავი შეიკავეს შეერთებული შტატების საჯარო კრიტიკისგან, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის თვალსაზრისით მთავარ მოკავშირედ რჩება.
პოლიტიკური ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ევროპას თითქმის არანაირი ბერკეტი არ აქვს აშშ-ზე გავლენის მოხდენის.
„ევრაზიის ჯგუფის“ წარმომადგენელმა მუჯტაბა რაჰმანმა განმარტა:
„ბევრ ევროპელ ლიდერს სურს მკაცრი პოზიციის დაკავება, მაგრამ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ, რადგან დიდი ხნის განმავლობაში თავიანთი უსაფრთხოება ამერიკას ანდვეს“.
ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ფრანგმა პარლამენტის წევრმა რაფაელ გლუკსმანმა გრენლანდიაში ევროკავშირის მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნა შესთავაზა, რათა ტრამპისთვის „ძლიერი სიგნალი“ გაეგზავნათ. ამასობაში, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს უფროსი ანალიტიკოსი, მაიდა რუგე, მიიჩნევს, რომ სამხედრო დაპირისპირების ნაცვლად, პოლიტიკური და ეკონომიკური შეკავება უფრო ეფექტური იქნებოდა.
YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 72% გრენლანდიის ანექსიისთვის ძალის გამოყენების წინააღმდეგია და მხოლოდ 7% უჭერს მხარს ასეთ სცენარს.