ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი დღე და ღამე მუშაობს, რათა ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწიოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „დღე და ღამე მუშაობს“ შეერთებულ შტატებთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ მან 9 ივლისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იტყობინება The Guardian.
ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სატარიფო შეთანხმების პერსპექტივებზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის წინადადება მომდევნო ორ დღეში უნდა იყოს მზად.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები „დღე და ღამე მუშაობენ გამოსავლის მოსაძებნად“.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები „უპრეცედენტო“ იყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომავალში მათ თავიდან ასაცილებლად „მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას“ ამჯობინებს.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის მცდელობისას ტრამპთან „მოსაზრებების კარგი გაცვლა“ ჰქონდა და დასძინა, რომ ევროკავშირი ეძებს „მყარ საფუძველს, რომელზეც შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი საერთო ვაჭრობის მშენებლობა“.
„გზავნილი ნათელია: ჩვენ ვიცავთ ჩვენს პრინციპებს, ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ვაგრძელებთ კეთილსინდისიერად მუშაობას და ვემზადებით ყველა სცენარისთვის“, - დაასკვნა ფონ დერ ლაიენმა.