ევროკომისიის ხელმძღვანელი აშშ-ირანის შეთანხმებას მიესალმება
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-სა და ირანს შორის. მისი თქმით. შეთანხმების შედეგად დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს გემების მოძრაობა ჰორმუზის სრუტის გავლით. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„გემების გადაადგილება ყოველგვარი გადასახადის გარეშე უნდა აღდგეს. ეს აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის. ამით ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველსაყოფად უფრო ფართო მოლაპარაკებისთვის კარი იხსნება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე დაამატა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, ვიდრე „ლიბანი ცეცხლშია გახვეული“.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ ლიბანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულონ“, - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ.
მანამდე აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ევროპელმა ლიდერებმა დაუჭირეს მხარი. გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის ხელისუფლებების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება გზას უხსნის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს. ევროპის ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ აშშ-სთან, ირანთან და რეგიონის პარტნიორებთან აქტიურად ითანამშრომლებენ, რათა ეს შეთანხმება რეალურად შესრულდეს.