Loading data...
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მომზადება ჯერ კიდევ მიმდინარეობს

ამ ეტაპზე ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, მე-19 პაკეტზე მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესმდივანმა პაულა პინიომ European Pravda-ს განუცხადა.

„რამდენადაც ვიცი, ჩვენ ჯერ არ წარგვიდგენია ეს [სანქციების მე-19 პაკეტი] განსახილველად. ისინი მზადდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, - აღნიშნა პინიომ.

ევროკომისიის მთავარი პრესმდივნის მოადგილემ ოლოფ გილმა დასძინა, რომ „როდესაც საქმე სანქციებთან დაკავშირებულ ჩვენს მუშაობას ეხება, დაწყებული პირველი პაკეტით და ახლა მეცხრამეტეზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედება“.

მან გაიხსენა, რომ ახალი პაკეტის მომზადებისას ევროკავშირი „თანამშრომლობს მსოფლიოში ყველა ჩვენს პარტნიორთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ სანქციებმა შეასრულონ თავიანთი დანიშნულება და დროულად ვუპასუხოთ მათ გვერდის ავლის ნებისმიერ მცდელობას“.

„ამჟამად პარტნიორებთან კოორდინაციით ვმუშაობთ მე-19 პაკეტზე. კერძოდ, ყურადღებას ვამახვილებთ რუსული წიაღისეული საწვავისგან, ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტისგან“ და მესამე ქვეყნებისგან დაჩქარებულ გადასვლაზე“, - აღნიშნა გილმა.