Loading data...
ევროკომისია უნგრეთს „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ შესახებ კანონის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსაყვანად ორთვიან ვადას აძლევს - Reuters

ევროკომისია უნგრეთს „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ შესახებ კანონის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსაყვანად ორთვიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირმა უნგრეთს მოტივირებული მოსაზრება გაუგზავნა, რათა შეარბილოს კანონი, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით უცხოურ დაფინანსებას იღებენ.

დეკემბერში უნგრეთის მიერ მიღებული „ეროვნული სუვერენიტეტის კანონი“ დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, რომელმაც უნდა შეისწავლოს და მონიტორინგი გაუწიოს პოლიტიკური ჩარევის რისკებს. ამ კანონით შესაძლებელია, სამ წლამდე პატიმრობა შეეფარდოს უცხოური დაფინანსების მიმღები პარტიებისა და ჯგუფების წევრებს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას.

ევროკომისიამ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით პროცედურა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ახლა კი მოტივირებული მოსაზრება გაუგზავნა, რაც ფორმალური მოთხოვნაა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. 

უნგრეთის მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ განაცხადა, რომ კანონი აუცილებელია საგარეო პოლიტიკური ჩარევისგან დასაცავად.