Loading data...
ევროკომისია: უკრაინის გადასაწყვეტია, შეკეთდება თუ არა „დრუჟბას“ ნავთობსადენი

ევროკომისიას სურს, რომ უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის ოპერირება განაახლოს, თუმცა რუსეთის მხრიდან შემდგომი თავდასხმების რისკის გათვალისწინებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად უკრაინამ უნდა მიიღოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა ანა-კაისა იტკონენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ უკრაინაზეა დამოკიდებული, განაახლებს თუ არა რუსული ნავთობის ტრანზიტს ევროკავშირში „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით.

„ჩვენ მივესალმებით მილსადენის მუშაობის განახლებას, თუმცა შეკეთდება თუ არა ის და როდის, ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია“, - განაცხადა იტკონენმა.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ არსებობს „რუსეთის მხრიდან როგორც პერსონალზე, ასევე ინფრასტრუქტურაზე განმეორებითი თავდასხმების მაღალი რისკი“.

„ამ კვირაში ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს ჩვენს უნგრელ კოლეგებთან, ასევე, სლოვაკურ და ხორვატიულ მხარეებთან, რათა სრული სურათი მივიღოთ. სწორედ ამიტომ, მომავალ ოთხშაბათს შევკრებთ ნავთობის მიწოდების სპეციალურ საკოორდინაციო ჯგუფს, რათა სიტუაციის შესახებ ყოვლისმომცველი წარმოდგენა გვქონდეს“, - განაცხადა იტკონენმა.

პრესმდივანმა განმარტა, რომ ჯგუფი შეიკრიბება ექსპერტების დონეზე უნგრეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის მონაწილეობით.